თეგი: ოლექსანდრ შულგა
უკრაინამ საქართველოსგან საინჟინრო ტექნიკის მიწოდება ითხოვა
უკრაინამ საქართველოს მთავრობას მიმართა და საინჟინრო ტექნიკის მიწოდება ითხოვა. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ოლექსანდრ შულგამ ჟურნალისტებს განუცხადა. მას იმედი აქვს, რომ ქართული მხარისგან მალე მიიღებს პასუხს. ოლექსანდრ შულგამ ასევე ისაუბრა იმის შესახებ,თუ რა დახმარებაც გაუწია საქართველომ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ. „დახმარება არასდროს შეიძლება იყოს საკმარისი. ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ბევრი წერილი გავაგზავნეთ. ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, როგორ შეუძლია დახმარების გაწევა. ვიღაც ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდის, ზოგი – ფინანსურს, ზოგი სამხედრო დახმარებას გვიწევს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ახორციელებს. 2022-2023 წლებში 500 გენერატორი გაიგზავნა საქართველოდან, ასევე სხვადასხვა სახის ტვირთი, მედიკამენტები. ახლა ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ, საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, რადგან იმ პირობებში, როცა მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია ნანგრევებისგან გასუფთავება. ამ ყველაფერს განიხილავს ქართული მხარე და იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ პასუხს ამის შესახებ. 2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არავინ ელოდა, რომ უკრაინა შეძლებდა ორ დღეზე მეტხანს გაძლებას. უკვე ვხედავთ, რომ ორი წელი გავიდა, რაც უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, რუსეთის ყველა თავდასხმას იგერიებს, იგერიებს რუსეთის სამხედრო პოტენციალს, ანადგურებს საზღვაო ფლოტს. გარდა იმისა, რომ შევძელით და ვდგავართ ფეხზე, წინააღმდეგობას ვუწევთ, უკრაინის ირგვლივ ჩვენ მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მოვახდინეთ. ყველა ცივილიზებული ქვეყანა დღეს მხარს უჭერს უკრაინას და დახმარებას აწვდიან. ამიტომ, პირველ რიგში, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა პარტნიორს, საქართველოს, დახმარებისთვის, მოხალისეებისთვის. ვიცით, რომ მოხალისეები უკრაინელ დებსა და ძმებთან ერთად იბრძვიან, ათავისუფლებენ უკრაინულ ქალაქებს. სამწუხაროდ, ისინი სისხლს ღვრიან და სიცოცხლეს კარგავენ,“ – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ. ამასთან, ოლექსანდრ შულგას მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ამერიკული ონლაინგამოცემა სტატიაში საქართველოში რუსული გავლენების შესახებ წერს, რაზეც მან აღნიშნა: „ჩვენ მართლა ვხედავთ რუსულ ეკონომიკურ გავლენას საქართველოში. ვხედავთ ტურისტების რაოდენობას, ვაჭრობის გაფართოებას, ამიტომ წყნარად ვერ შევხედავთ ამას. იმ დროს, როცა ყველა ქვეყანა უარს ამბობს იმაზეც კი, ჩაფრინდეს რუსეთში, საქართველო ავიამიმოსვლას აახლებს. ამ პოზიციასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ წამოვჭერით საკითხი, ჩვენი პოზიცია საკმარისად ნათელი, გარკვეულია. ვფიქრობ, ეს საკითხი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. უკრაინა არასდროს ერეოდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში, არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნების,“ – აღნიშნა ოლექსანდრ შულგამ. ოლექსანდრ შულგას კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, როდის ეყოლება საქართველოს ელჩი უკრაინაში, რაზეც უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა განაცხადა: „დიპლომატიურ კონტექსტში ამჟამად ჩვენი ურთიერთობები საკმაოდ დაბალ დონეზეა, რადგან არ არის უკრაინაში საქართველოს ელჩი, ისევე როგორც საქართველოში – უკრაინის ელჩი. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის ყველა განცხადება, რომლითაც მან მიმართა საქართველოში უკრაინის ელჩს. ჯერ ახალი ინფორმაცია არ გვაქვს,“ – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.