თეგი: ოლიმპიური თამაშები
უკრაინა მზადაა, ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიურ თამაშებს, თუ რუსეთსა და ბელორუსს მასში მონაწილეობის უფლებას მისცემენ
უკრაინა მზადაა, ბოიკოტი გამოუცხადოს პარიზის (საფრანგეთი) ოლიმპიურ თამაშებს, თუ რუსეთსა და ბელორუსს მასში მონაწილეობის უფლებას მისცემენ. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსეთმა 340 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი მოკლა, გაანადგურა ან დააზიანა 343 სპორტული ობიექტი, ყოველდღიურად, მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებს რაკეტებითა და თვითმფრინავებით უტევს. როგორც შმიგალმა განაცხადა, უკრაინა მოელის, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და აგრესორს ოლიმპიადიდან მოხსნის. მისივე თქმით, უკრაინის გარდა, 34 ქვეყანა მზადაა, ბოიკოტი გამოუცხადოს პარიზის ოლიმპიადას. „გაჩნდა ძლიერი საერთაშორისო კოალიცია სამართლიანი სპორტისთვის, მათ შორის 35 სახელმწიფო," - აღნიშნა შმიგალმა. უფრო ადრე უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ვადიმ გუტცაიტმა განაცხადა, რომ უკრაინელი სპორტსმენები მიიღებენ 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც, თუ იქ რუს და ბელორუს სპორტსმენებს დაუშვებენ, ოღონდ - ნეიტრალური სტატუსით. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.