თეგი: ომბუდსმენის მოადგილე

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები არ გაიზიარა - ომბუდსმენის მოადგილე

სამუშაო ჯგუფში, რომელიც სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად შეიქმნა, რეკომენდაციები, რომელიც წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის აპარატის და აშშ-ის საელჩოს მიერ, არ იქნა გაზიარებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევებია სასამართლო ხელისუფლებაში, საუბარი შეეხო მედიაში არსებულ გამოწვევებს, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, სხვადასხვა შემზღუდავ რეგულაციებს კანონმდებლობაში და კომუნიკაციების კომისიის არასწორ პრაქტიკას, რომელიც მიგვაჩნია, რომ გამოსასწორებელია, ასევე მედიამფლობელების და გარკვეულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებზე - რა თქმა უნდა, ვახსენეთ კარტოგრაფების საქმე, სადაც სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დევნას. ვახსენეთ რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმე, სხვა გახმაურებული საქმეები, სადაც მიგვაჩნდა, რომ არსებობდა გარკვეული პრობლემები სამართლიანი სასამართლოს პერსპექტივაში," - განაცხადა ბურჯანაძემ.