თეგი: ომის სპონსორები
უკრაინამ ქართული კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორთა სიაში შეიყვანა
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NACP) რუსეთთან მათი საქმიანობის გაგრძელების გამო, „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში რამდენიმე წამყვანი ქართველი მეღვინე დაამატა. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახურმა 9 ნოემბერს განაცხადა. დამატებულ კომპანიებს შორის არის Bolero Group, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც “საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებს“, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მისივე თანახმად, „ბოლერო ჯგუფის“ პრეზიდენტია ვახტანგ კარიჭაშვილი, რუსეთის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრემიერის და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორია. NACP-ის თანახმად, Bolero Group-ის საკუთარი ფინანსური ანგარიშები აჩვენებს, რომ „კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ ბაზარზე გაყიდვებით წარმოიქმნება.“ „2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე (ბოლერო ჯგუფის კომპანიებმა) 68 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი რუსეთში გაიტანეს,“ - წერს სააგენტო. NACP-მ განაცხადა, რომ საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინის იმპორტი რუსეთში თითქმის 50%-ით გაიზარდა.