თეგი: ონისე ცხადაძე
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იუმორისტ ონისე ცხადაძის სახლში პოლიცია შევიდა და დააკავა. ინფორმაციას მისი ძმა სანდრო ცხადაძე ავრცელებდა და წერს, რომ ფაქტი თერჯოლაში, მის სახლში მოხდა. დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ ეს არის სისტემის "ბოლო, განწირული მეთოდები." შსს-მ დაკავების ფაქტები ოფიციალურად დაადასტურა. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ო.ც., 1990 წელს დაბადებული გ.მ., 1975 წელს დაბადებული ჯ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.ჭ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული რ.ს. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, სამხედრო ტანსაცმელი, აირწინაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე თბილისში 4 პირის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,“ აცხადებს შსს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და ევროპული კურსის მხარდასაჭერად გაიფიცნენ სამეფო უბნის თეატრი და მოძრაობის თეატრი. გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს სხვადასხვა თეატრის მსახიობებმაც. საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. სოციალურ ქსელში ავრცელებენ პოსტებს მსახიობები და ამბობენ, რომ ისინი გაიფიცნენ.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს, მათ შორის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი. მათ ნაწილს 6-7 დეკემბერს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა.