თეგი: ონკოლოგია
2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში, 134 მილიონი ლარი დაიხარჯა - გაბუნია
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში, 134 მილიონი ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომსახურებების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყოს. „აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ფასების ეფექტურად სამართავად, მათზე რეფერენტული ფასების დაწესებით, ძალიან საიმედო და მყარი გარანტიები იქმნება.ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, რომლის 2023 წლის ბიუჯეტიც 3 000 000 ლარს შეადგენს. ასევე, ინკურაბელური პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამა. სხვა პაციენტებთან ერთად, აქ ონკოლოგიური პაციენტების მომსახურებაც შედის და მისი ბიუჯეტი, 2023 წლისთვის, 5 200 000 ლარია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თამარ გაბუნიამ ონკოლოგიური მედიკამენტებისა და სერვისების შესახებ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
ონკოლოგიური პაციენტებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 8 დასახელების მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, NOVARTIS-ისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს. საუბარია 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტზე. „უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება. შედეგად, 2024 წელს, პაციენტები, 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა.“ უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი, მოსახლეობისთვის, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს. „ნოვარტისი“ მეორე მწარმოებელია, რომლისგანაც, ჯანდაცვის სამინისტრო, ინოვაციურ მედიკამენტებს, პირდაპირი წესით შეისყიდის - უწყებამ, კომპანია „როშესთან“, ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გააფორმა. ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის. წამლების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები, მედიკამენტების ფასის, საშუალოდ, 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.