თეგი: ონკოლოგიური დაავადებები
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, განცხადებების მიღება დაიწყო
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი.“ პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. „პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი. პროგრამაში მონაწილეობისთვის, მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა: შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას, შესავსებად და ხელმოსაწერად, განმცხადებელი, ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებს); ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის (დაბადების მოწმობა/პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული); არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ) (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული), პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით. პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში, სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს,“- წერია უწყების ინფორმაციაში.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა
18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულები გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრისა“ „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს. ღონისძიების ფარგლებში, ეკატერინე ფესტვენიძემ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაციაც გამართა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს. ეკატერინე ფესტვენიძის განცხადებით, პროგრამა უკვე ერთი კვირაა რაც ამოქმედდა. „ინტერესი ძალიან დიდია, განცხადებები და ზარები მუდმივად შემოდის. უკვე პირველი პაციენტი გავუშვით თურქეთში და დღეს დილით უკვე თურქეთის კლინიკაში სერვისის მიღებას იწყებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდება. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო მასპინძლობს პარტნიორ კლინიკებს, რომლებიც ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ თანამშრომლობის ფორმალიზება მოხდეს. აქ არიან ყველა პარტნიორი კლინიკის ხელმძღვანელობა, მათ შორის, თურქეთის "ანადოლუს" სამედიცინო ცენტრის, ისრაელის "იხილოვის" სამედიცინო ცენტრის და ესპანეთის პროტოროთერაპიის ცენტრის ხელმძღვანელები," - განაცხადა ფესტვენიძემ. პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელებმაც - ღონისძიების სტუმრებს, თავიანთი სამედიცინო დაწესებულებები და ამ დაწესებულებებში, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, არსებული შესაძლებლობები გააცნეს. „ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება. მათ ოჯახებს კი მნიშვნელოვნად უმსუბუქდებათ ის ფინანსური წნეხი, რომლის წინაშეც, ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლისას დგებიან. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. პარტნიორ კლინიკებს შორის, პაციენტების განაწილება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. პროგრამის განმახორციელებელია „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გასხნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.