თეგი: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები
თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს
10 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი. „პროექტის ფარგლებში პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში. საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, სახელმწიფოს პრიორიტეტია“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ – ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში საჭიროების მიხედვით მიიღებენ. „18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში გაძლიერდება სერვისები და შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის მიზნით, განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად, თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში ექნებათ, რომელთა წამყვან კლინიკებთან კონტრაქტებს ხელი უკვე მოეწერა. მინისტრის თქმით, განაცხადების მიღება ორშაბათიდან დაიწყება. თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს „კიდევ რაც მინდოდა მეთქვა არის ონკოლოგიური ბავშვების პროგრამასთან დაკავშირებული. იმ კლინიკებთან, რომელიც შეირჩა, უკვე მოეწერა კონტრაქტებს ხელი. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და ამ პროცესის ორგანიზება სპეციალური ბორდის მეშვეობით, თუ რომელი ბავშვს რომელ კლინიკაში შეგვიძლია შევთავაზოთ გაშვება, ადგილზე იმკურნალებს თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ. რაც ბავშვისთვის ყველაზე უფრო სასურველი პროცესია დაავადების განსაკურნებლად, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. შესაბამისი საბჭო უცხოელი ექიმების ჩართულობით უკვე შევქმენით, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე და იმ სავარაუდო მკურნალობის მეთოდებზე, რომელიც ამა თუ იმ კლინიკაში შეიძლება გაეწიოს. შემდეგ მოხდება მშობლებისთვის შეთავაზება. შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს რეკომენდაცია, რომ საზღვარგარეთაც შეიძლება და საქართველოშიც და თვითონ მშობელს შეეძლება გადაწყვეტა, თუ სად ურჩევნია. საქართველოში იქნება თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ორივე შემთხვევაში ვაფინანსებთ სრულად,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ზურაბ აზარაშვილმა ის კონკრეტული კლინიკებიც დაასახელა, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონდე ბავშვები შეძლებენ მკურნალობას. „საქართველოში იაშვილის კლინიკაშია გარკვეული სერვისები, ასევე ისრაელში „იხილოვის“ კლინიკა , ასევე ესპანეთში „ქირონის“ კლინიკა, სადაც პროტონოთერაპიაც შეგვეძლება გავუკეთოთ და თურქეთში „ანადოლუს“ კლინიკა,“ - განაცხადა მინისტრმა.