თეგი: პაველ ჰერჩინკსი
ევროკავშირის ელჩი: გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ
გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან" სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ელჩის შეფასებით, საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად. იმ დროს, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებას ელოდება, ელჩმა ქვეყნის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. "ომმა უკრაინაში ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. მოგეხსენებათ, გასული წლიდან ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნების ე. წ. სამეულთან გადავიდა ახალ საფეხურზე, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა. გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ. ევროკავშირმა ასევე განაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ძირითადი პრიორიტეტების შესრულების შემდეგ. ეს იყო როგორც ისტორიული გადაწყვეტილება, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს მიეცა. საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია. ეს საქართველოსა და მისი ხალხის ისტორიული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების მიმართ ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ბევრი კომპრომისის გაწევა. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ასევე არაერთხელ გავხდით მოწმენი, რომ საქართველოს ხალხი მისი პოლიტიკური ლიდერებისგან ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე ერთგულებას ელოდება. საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად. ველოდებით რა ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და 12 პრიორიტეტში აღწერილი რეფორმები განახორციელონ. ევროკავშირი კვლავ მზადაა, საქართველოს ამ ძალისხმევაში დაეხმაროს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ შემოვიღეთ სანქციები და ველოდებით, რომ საერთაშორისო საზოგადოება, განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან
„ჩვენ შემოვიღეთ სანქციები და ველოდებით, რომ საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება. „ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორი არის ევროკავშირის პოზიცია, როცა საქმე ეხება რუსეთთან კონტაქტებს, რუსეთთან ფრენებსა და რუს ტურისტებს. რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი, არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შევზღუდოთ გადაადგილება, კონტაქტები. ამის გამო რეალურად, ვწუხვართ, არ გვინდოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ უნდა გვემოქმედა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ომის რაც შეიძლება მალე დასრულება, ზეწოლა მოგვეხდინა რუსეთზე და ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო, რომ რუსეთი ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის უკრაინაში საშინელი ქმედებებისთვის. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ სანქციები, ამიტომ არის ძალიან რთული რუსებისთვის ევროპაში ჩასვლა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა – საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალის აშენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საავტომობილო გზების დეპარტამენტი. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, თბილისი-ნატახტარის მონაკვეთი ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და რუსეთთან დამაკავშირებელ გზას არ წარმოადგენს. მათივე ცნობით, ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.
ევროკავშირის ელჩი: ვიმედოვნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება ძლიერი პირადი ინტერესი პოლიტიკაში
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას ყურადღებით აკვირდებიან. ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ პოლიტიკაში პირადი ინტერესი ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება. „დეოლიგარქიზაცია ნიშნავს გადაჭარბებული პირადი ინტერესის გავლენას პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს იქნება მთავარი პრიორიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც შემოთავაზებულია ხელისუფლების მიერ. ეს არის ძალიან ინკლუზიური სისტემური მიდგომა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით და ვიმედოვნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება ძლიერი პირადი ინტერესი პოლიტიკაში. სამუშაო გრძელდება. მოხარული ვარ, რომ საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა. რამდენად სწრაფად გადავალთ შემდეგ ეტაპებზე, მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია. შემიძლია, ისევ და ისევ ვიმეორო, რისი ნახვა გვინდა. ეს არის ეროვნული ერთიანობა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხში, რაც ნიშნავს მმართველი უმრავლესობის ნაწილის ინკლუზიურობას და ოპოზიციის კონსტრუქციულ მიდგომას. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ზურგი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, როგორც გასულ დეკემბერს აღვნიშნეთ კანდიდატის სტატუსი, ამ დეკემბერს აღვნიშნავთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენ, ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგეხმაროთ, მოგცეთ რჩევები, მაგრამ საქმე თავად ქართველებმა უნდა შეასრულონ“, – განაცხადა ჰერჩისნკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ელჩი ჰერჩინსკი: ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინკსიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-მდე გაიზარდა. ელჩის თქმით, არაერთხელ განაცხადეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა. „ჩემს დიდი ხნის პოლიტიკას წარმოადგენს ის, რომ რაიმე კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარი არ გავაკეთო, მაგრამ რადგან თქვენ დამისვით შეკითხვა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ ურთიერთობაში რთულ პერიოდს გავდივართ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა და სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომავალ კვირას ევროკავშირი შედეგებს განიხილავს. ეს დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ლიდერების დონეზე გაიმართება, ასე რომ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და ჩვენ გადავწყვეტთ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში განვითარებულ ამ მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს წინსვლის პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედა. პრინციპში, ამ კანონის მიღებამ, როგორც ამას მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა. მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთსულოვნებას მოითხოვს და ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იქნებიან, ეს კანონი მიღებულია და შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირას მოხდება,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა საპასუხო ღონისძიებების ვარიანტები მოამზადეს და იგი წევრ სახელმწიფოებს გადაეგზავნა. „ეს ხმამაღლა და გარკვევით თქვეს ჩემმა უფროსებმა, თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები მოვამზადეთ. ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იქნა გაზიარებული და წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, თუ რომელი ვარიანტი განახორციელონ ამ მენიუდან. ეს გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში, შემდეგ კი, ევროპული საბჭოს დონეზე 27 ივნისს უნდა იყოს მიღებული, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომელიც ყველაზე მაღალი დონეა ევროკავშირში. მინდა დავამატო, ეს ხდება, მომავალ კვირას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში. ასე რომ, ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენ წინ მივიწევთ,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. ჰერჩინსკის თქმით, საპასუხო ზომებს მიღება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე მოხდება. „მე დისკუსიას, რომელიც მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს შორის გაიმართება, წინ ვერ გავუსწრებ. ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომელ ზომებს აირჩევენ წევრი სახელმწიფოები და რომელი ღონისძიებები განხორციელდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, წევრ ქვეყნებს მენიუ გადავეცით და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, ამ მენიუდან რომელი ღონისძიებების შერჩევა მოხდება,“ - განცხადა პაველ ჰერჩინკსიმ. „ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია,“ - ასე უპასუხა ელჩმა, შეკითხვას, აპირებს თუ არა ევროკავშირი სავიზო შეზღუდვების შესახებ აშშ-ის პოზიციის გაზიარებას. მისი თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ახლო და თანამოაზრე პარტნიორია.“ „ჩვენ ყველა საკითხზე ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ვცდილობთ. თუმცა, ჩვენ ძალიან განვსხვავდებით და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია, გასაგები მიზეზის გამო: ამერიკის შეერთებული შტატები ერთი სახელმწიფოა, ხოლო ევროკავშირი არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც 27 სუვერენული ქვეყნისგან შედგება. ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია, ვიდრე ჩვენ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ კოორდინირებას ვახდენთ, ვცვლით ინფორმაციას, მაგრამ ჩვენი ქმედებები, როგორც წესი, არ არის იდენტური და არც არის საჭირო, რომ ისინი იდენტური იყოს,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მანამდე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ „იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.“