თეგი: პაპი ლეონ XIV

რომის პაპი: ილია II გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობის პერიოდში, იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა

რომის პაპი ლეონ XIV მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს უსამძიმრებს. ამის შესახებ კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო წერს. „დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას. მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს გააერთიანოს ხალხები, დააახლოოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა. უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს - წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს. და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ, გარდაიქმნება. ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი," - ნათქვამია ლეონ XIV -ს სამძიმრის წერილში. 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.