თეგი: პარიზის ოლიმპიური თამაშები

საფრანგეთმა ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. გადაწყვეტილება 24 მარტს, ღამით მიიღეს ელისეის სასახლეში, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით საფრანგეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა. პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და ასევე, საშიშროება, რომლის წინაშე საფრანგეთიცაა. 2024 წლის ივლის-აგვისტოში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება. ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე შესაბამის სამსახურებს აძლევს უფლებას, მიიღონ ისეთი ზომებიც, რომლებიც შესაძლოა, ზიანს აყენებდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას. საფრანგეთი არაერთხელ იქცა სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფების სამიზნედ. ყველაზე მასშტაბური იყო 2015 წლის ნოემბერში პარიზში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა სულ მცირე 137 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის, თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე.