თეგი: პარკირება
საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება
საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე, სადაც ასევე, გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა სპეციალური და ელექტრომობილების დასამუხტი ადგილები. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ შესაბამის მისამართებზე რეგისტრაციის გავლა რომ შეძლოს, პირველი ივნისიდან პარკირების ჯიხურები საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარედ), ანა კალანდაძის ქუჩა N3, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა N2, სიმონ კანდელაკის ქუჩა N7, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N22ა, სერგო ზაქარიაძის ქუჩა N8, ვაჟა-ფშაველას გამზირი N71ბ, მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპ. N5), ელიზბარ მინდელის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპ. N4). მათივე ცნობით, ისნის რაიონში, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე, ასევე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები დარეგისტრირებას მეველის ქუჩა N7/9-ში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურში შეძლებენ.
თბილისის პარკინგის მომხმარებლები დროებით არ დაჯარიმდებიან
თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს დღეიდან ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ. რეფორმის გამო, ფიქსირდება ტექნიკური შეფერხებები, რომლის დროსაც იარსებებს საშეღავათო პერიოდი და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ დაჯარიმდებიან. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.