თეგი: პატიმრების გაქცევის საქმე
კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"ავერსის" კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე, 4 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა ჩატარდა. მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა - თანამდებობიდან გაათავისუფლა და პატიმრობა შეუფარდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს. კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მისმა საქმის პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ, პატიმრების გაქცევის შესახებ გამოძიებით დადგენილი ფაქტები ჟურნალისტებს გააცნო. პირველ ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე კლინიკა "ავერსის" ეზოში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩერებულ პენიტენციური სამსახურის მანქანაში ოთხი მსჯავრდებული იჯდა. ამ დროს პატიმრების ზედამხედველობა ევალებოდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს - ივერი ნატრიაშვილს, რომელიც მსჯავრდებულების გაქცევის მომენტში, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის წინა მხარეს არის და კოლეგებს ესაუბრება გამოკვლევაზე "ავერსიში" შეყვანილი მსჯავრდებულების შესახებ. როგორია მანქანა, რომელითაც პატიმრები მიიყვანეს კლინიკაში "ციხის მანქანაში" ორი საკანია, თითოში სამი ადამიანი ეტევა. როგორც პროკურორი აღწერს, კარი გარედან იკეტება ურდულითა და საკეტით. თუ კარი გასაღებით არის ჩაკეტილი, პატიმრის გაქცევა შეუძლებელია. "[ურდულის გახსნა] შესაძლებელია გისოსიდან თითის გამოყოფით, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. არ იქნებოდა მარტივი, რომ ყოფილიყო ჩაკეტილი," - ამბობს ლაშა ამირანაშვილი, საქმის პროკურორი რადიო თავისუფლების ცნობით. ივერი ნატრიაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება - ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა, რის გამოც გაიქცა პატიმარი). საქმის პროკურორი ამბობს, რომ საბადრაგო ჯგუფის უფროსმა მანქანაში პატიმრების საკნის კარი მხოლოდ ურდულით ჩაკეტა და არ გამოიყენა გასაღები. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს შეამჩნიეს პატიმრებმა და შეძლეს გაქცევა. „მსჯავრდებულთათვის სპეციალურ ავტომანქანაში არსებული საკნის კარი უნდა დაეკეტა არამხოლოდ ურდულით, გასაღებითაც. ამ სივრცის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ესკორტის თანამშრომლები, ეს ადგილიც იყო ცარიელი. ეს ბრალდებული [საბადრაგო სამსახურის უფროსი] იჯდა წინა სავარძელზე და მეთვალყურეობის გარეშე ჰყავდა დატოვებული მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები," - ამბობს ლაშა ამირანაშვილი. მისივე თქმით, საბადრაგო ჯგუფის უფროსი პატიმრებს "ძალიან მცირე მანძილზე" დაედევნა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა. „ბრალდებულმა განახორციელა დევნა, თუმცა ძალიან მცირე მანძილზე [10 მეტრამდე]... ჩვენ ახლა მას ვედავებით, რა არ შეასრულა მან, ვიდრე გაიქცეოდნენ მსჯავრდებულები. შეიძლება სუბიექტური შეფასებაც იყოს ამ ეტაპზე, ცოტა მეტ მანძილზეც შეეძლო განეხორციელებინა დევნა. მას შემდეგ დაბრუნდა და დაუკავშირდა თავის ხელმძღვანელობას," - ამბობს პროკურორი.პროკურორის თქმით, პენიტენციური სამსახურის მანქანაში მხოლოდ სამი პატიმარი არ მჯდარა - "მეორე საკანაში დარჩა ერთი პატიმარი, რომელიც არ და ვერ გაიქცა. მისი კარის ურდული გადაკეტილი იყო და არც უცდია გაქცევა." ივერი ნატრიაშვილის ადვოკატის, ინგა შარაშენიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულებმა გაქცევა მოახერხეს, ბრალდებულმა მყისიერი რეაგირება მოახდინა. ადვოკატი განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა ბრალდებული პატიმრებთან ერთად, ერთ სივრცეში. „პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ იყო, ის აღიარებს, ინანიებს, ეს იყო გაუფრთხილებლობა, ის ტელეფონზე საუბრობდა არა პირადი მიზნებისთვის, არამედ, საბადრაგო სამსახურის სხვა თანამშრომლებს ესაუბრებოდა სხვა პატიმრების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიერვე იყვნენ შემოყვანილი. მან შუა საუბრის დროს დაინახა, რომ პატიმრები ჩავიდნენ, თანამშრომლებსაც უთხრა, რომ სასწრაფოდ მოეხდინათ რეაგირება, დაუკავშირდა უფროსებს და ყველანი ცდილობდნენ გაქცეული მსჯავრდებულების დაკავებას. მან მყისიერი რეაგირება მოახდინა, როცა მსაჯავრდებულებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა, დადგა ის შედეგი, რაც არის," - განაცხადა შარაშენიძემ. მისივე განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების ავტომანქანის კარი ურდულით ჩაკეტილი იყო, თუმცა, გასაღებით არა. „კარი გასაღებითაც უნდა ყოფილიყო დაკეტილი და ურდულითაც. ურდულით დაკეტილი იყო, გასაღებით არა, ზუსტად ამიტომ მოახერხეს გაღება. აქ სახეზე გვაქვს მხოლოდ ბრალდებულის დანაშაული, რომელსაც ეს უნდა მოეხდინა, ის იყო ცვლის უფროსი იყო, მას ევალებოდა დაკეტვაც და მისი კონტროლიც. ეს იყო შემთხვევითობა, ნატრიაშვილს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა შეევსო, რომელიც სასჯელაღსრულებისთვის უნდა წარედგინა, ვინაიდან მას პატიმრები ჰყავდა შემოყვანილი. ეს იყო მისი წინ ჯდომის მიზეზი. ადგილზე მძღოლი და ბრალდებული იმყოფებოდნენ, ვინაიდან სხვები ზემოთ, სხვა პატიმრებთან ერთად იმყოფებოდნენ. შესაბამისად, სხვისი ვალდებულება ვერაფერზე ვერ იქნება, ის ხელს არავის აფარებს, თვითონ იყო ესკორტის უფროსი," - განაცხადა შარაშენიძემ. კითხვას, პატიმრების გაქცევის შემდეგ, რა ღონისძიებები გაატარა ბრალდებულმა, ან უნდა მოეხდინა თუ არა მას გამაფრთხილებელი გასროლა, ადვოკატი ასე პასუხობს: „ეს ყველაფერი წამებში მოხდა, რა თქმა უნდა, მისდევდა." „რაც შეეხება პროპორციულ ძალას - იცით, რომ ეს "ავერსის" კლინიკასთან მოხდა, რომელიც დასახლებულ პუნქტში მდებარეობს, შესაბამისად, პროპორციული ძალის გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო. დამხმარე ძალა დაუყოვნებლივ მოვიდა, მაგრამ მიზანშეწონილი არ იქნებოდა დასახლებულ პუნქტში საკონტროლო გასროლა, არავინ იცის, ვის შეიძლებოდა მოხვედროდა, ეს ბევრად ცუდი შედეგის მომტანი იქნებოდა," - განაცხადა შარაშენიძემ. ივერი ნატრიაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.