თეგი: პატიმრების გაცვლა
უკრაინა რუსეთთან ტყვეების გაცვლის შესახებ იუწყება
უკრაინამ იუწყება, რომ 41 ადამიანი დაიბრუნა რუსეთთან ტყვეების ბოლო გაცვლის შედეგად. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ჯგუფში 28 სამხედრო მოსამსახურე და 13 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, მათგან 11, ქალია. ვერეშჩუკის თქმით, გათავისუფლებულთა შორის იყო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯო ბაიდენი: დღე, რომლისთვისაც დიდხანს ვმუშაობდით, ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდაა და უკვე გზაშია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ციხიდან კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის გათავისუფლებას გამოეხმაურა. „დღე, რომლისთვისაც დიდხანს ვმუშაობდით, ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია. ბოლო რამდენიმე თვე მისი ოჯახისთვის და თანაგუნდელებისთვის ჯოჯოხეთი იყო“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საზღვარზე მარიხუანის გადატანისთვის დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრე ვიკტორ ბუტში გაცვალეს. წყაროზე დაყრდნობით CBS წერს, რომ გაცვლის წინადადებას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად დათანხმდა. შეგახსენებთ, რომ გრაინერი თებერვალში შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. გრაინერმა სასამართლოში განმარტა, რომ გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და კარტრიჯების რუსეთში ჩამოტანა განზრახ არ უცდია. კალათბურთელმა ბრალი აღიარა, სასამართლომ გრაინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.