თეგი: პენცენტრი
პენცენტრი „პრორუსული ძალების ცილისმწამებლურ კამპანიას“ პასუხობს
საქართველოს პენცენტრი „პრორუსული ძალების და პრორუსული ტელევიზიების მიერ“ “სულაკაურის გამომცემლობის” მისამართით დაწყებული „ცილისმწამებლური კამპანიის გამო“, შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში, რომელსაც 100-ზე მეტი მწერალი აწერს ხელს. პენცენტრი სამწუხაროს უწოდებს 30 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლისას გაკეთებულ შეფასებას. მან „გაიმეორა პრორუსული ძალების და ტელევიზიების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია", - ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში. „საქმე ეხება XVII საუკუნის ცნობილი მეზღაპრის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარს, რომელიც თავისი შინაარსითა და მორალით არაფრით განსხვავდება ამავე ავტორის საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ზღაპრებისაგან, როგორიცაა “წითელქუდა”, “ჩექმებიანი კატა” თუ ბავშვებისთვის საყვარელი მისი არაერთი სხვა ტექსტი. სამწუხაროდ, ცილისმწამებლური და ცრუ კამპანია მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი ადამიანებისთვის ჩაგვრის, განადგურების, სიძულვილის, განსხვავებულის მიუღებლობის გარდა, რუსეთი და საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს არსებობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არსებული შეთქმულება, რომლის მიხედვითაც ხდება ბავშვებისთვის რაიმე უცხო ღირებულებების თავს მოხვევა. ამ კამპანიის ერთადერთი რეალური მიზანი არის საქართველოს ევროპული გზისთვის საბოტაჟის მოწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს პენცენტრი და წერილზე ხელმომწერი ადამიანები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „მეტი სიფრთხილით მოეკიდოს იმგვარ რუსულ ინიციატივებს, რომელსაც შეუძლია, შეაფერხოს და დააზიანოს საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ“, ასევე - „არ გააგრძელოს რუსული კანონების მიღების მცდელობა და ამ გზით ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისთვის საბოტაჟის მოწყობა“. ამასთან მიმართავენ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, „რათა არარსებული საფრთხეების წარმოჩენით მას არ მოჰპარონ საქართველოს და მის შვილებს ევროპული მომავალი, რომელიც უალტერნატივოა ამ ქვეყნისა და მისი მომავლისთვის და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით“. „ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა რუსეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ცხადი გახდეს ქართველი ხალხისთვის და ის სრულად იყოს ინფორმირებული იმ საფრთხეების შესახებ, რაც საქართველოს სახელმწიფოს, მსგავსი რუსული კამპანიებისა და ინიციატივების გამო ემუქრება“, - ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში. "სულაკაურის გამომცემლობამ“ ფეისბუკის გვერდზე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა "უზარმაზარი მხარდაჭერისა და კეთილგანყობისთვის". "თქვენმა მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო თანასწორობის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რომ ამ გზას ჩვენს ერთგულ მკითხველებთან, ავტორებთან, მთარგმნელებთან, ილუსტრატორებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გავდივართ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.გპირდებით, რომ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნებით, ამბებითა და ისტორიებით მუდამ ვიქნებით იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, რომლებისთვისაც არასდროს გვიღალატია", - ნათქვამია "სულაკაურის გამომცემლობის" განცხადებაში. მანამდე, 27 ივნისს, „სულაკაურის გამომცემლობის“ ოფისში ორი ადამიანი მივიდა შეურაცხმყოფელი პლაკატებით. ისინი გამომცემლობის თანამშრომლებს სთხოვდნენ პასუხს მათ მიერ გამოცემული ერთ-ერთი ცნობილი წიგნის - „ძილისპირული ამბები გოგონებისთვის“ - შინაარსის გამო. წიგნში, სხვა ამბებთან ერთად, ტრანსგენდერი გოგოს ამბავიცაა მოთხრობილი. „სულაკაურის გამომცემლობამ“ პოლიციას მიმართა.