თეგი: პეტერ მაგიარი
ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა
BBC უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. არჩევნებში ორბანი მისმა ყოფილმა თანაპარტიელმა 45 წლის პეტერ მადიარმა დაამარცხა. ხმების 98%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარლამენტში პარტია „ტიზას“ 138 ადგილი ერგება, ორბანის „ფიდესს“ 55 — მანდატი, ხოლო ულტრამემარჯვენე „ჩვენს სამშობლოს“ — 6. აღსანიშნავია, რომ ორბანს საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი პირადად შეხვდა. უნგრეთის პრემიერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო პარტნიორი იყო, ის ევროკავშირისა და უკრაინისთვის დიდ პრობლემად იქცა. მეორე მხრივ, მადიარმა უნგრეთის რუსეთისგან დაშორების პლატფორმა მოირგო, ის ევროკავშირთან და უკრაინასთან უფრო თბილი ურთიერთობების მომხრე იყო. ორი წლის განმავლობაში მადიარმა სოფლებსა და ქალაქებში თავისი მზარდი მოძრაობით გააერთიანა უნგრელები, რომლებიც წლების განმავლობაში მზარდი ნეპოტიზმისა და კორუფციის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. მადიარმა პირობა დადო, რომ გააუქმებდა ორბანის ეპოქის ცვლილებებს განათლებასა და ჯანდაცვაში, დაამარცხებდა კორუფციას, აღადგენდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და დაანგრევდა ფართოდ ფესვგადგმულ სისტემას [NER], რომელიც მმართველი პარტიის ერთგული წევრების გამდიდრებასა და სახელმწიფო რესურსების ფლანგვას ხელს უწყობდა. „უნგრეთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორ სხვადასხვა სამყაროს აერთიანებდა, ისინი ტანდემში მოქმედებდნენ. ერთში ორბანმა დაარწმუნა თავისი მხარდამჭერები, რომ გამარჯვებისკენ და კიდევ ოთხი წლით ხელისუფლებაში ყოფნისკენ მიიწევდნენ, ამისთვის კი, სოციოლოგების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს იშველიებდა, რომლებიც კვირა საღამომდეც კი პროგნოზირებდნენ „ფიდესის გამარჯვებას.“ მეორე სამყაროში კი, იყო მადიარი, რომელიც ყველგან დიდ მხარდაჭერას იზიდავდა, მის მხარეს იყვნენ პატივსაცემი სოციოლოგები, რომლებიც მის კონკურენტზე მადიარის მზარდ უპირატესობაზე მიუთითებდნენ. კვირა საღამოს ეს ორი სამყარო ერთმანეთს შეეჯახა - აქედან მხოლოდ ერთი გახდა რეალური,“ - წერს BBC. „დღეს თქვენ სასწაული მოახდინეთ, უნგრეთმა დღეს ისტორია შექმნა,“ - მიმართა მადიარმა ბუდაპეშტში შეკრებილ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს. მან არჩევნებში გამარჯვება 1848 წლის უნგრეთის რევოლუციას და 1956 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყებას შეადარა. იყო დრო, როდესაც თავად ორბანი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ ის პუტინის ახლო პარტნიორი გახდა, რუსული ნავთობისა და ბენზინის იაფად შესყიდვის პოლიტიკის გამართლებამ კი, ევროკავშირში უაღრესად არაპოპულარულ ლიდერად აქცია — მაშინ, როცა ევროკავშირი რუსულ იმპორტზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ორბანმა ასევე დაარღვია ევროკავშირის შეთანხმება, რომელიც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს (79 მილიარდი ფუნტი სტერლინგი; 105 მილიარდი დოლარი) სესხის გამოყოფას ითვალისწინებდა. „რუსებო, წადით სახლში,“ - სკანდირებდნენ მადიარის მხარდამჭერები, როდესაც უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან უკეთესი ურთიერთობების დამყარების პირობა დადო. ამის მიუხედავად, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს ბუდაპეშტთან კარგი ურთიერთობების გაგრძელება სურს. „უნგრელებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ჩვენ პატივს ვცემთ ამ არჩევანს. ჩვენ ველით, რომ გავაგრძელებთ ჩვენს უაღრესად პრაგმატულ კონტაქტებს უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან,“ - თქვა მან. „ალბათ, უნდა ვიყოთ მოთმინებით და დაველოდოთ, რა მოხდება.“ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი პირველი იყო ევროპელი ლიდერებიდან, ვინც მადიარის „დიდებულ გამარჯვებას“ მიესალმა — მან უნგრულად გაიმეორა — „Ruszkik Haza“ — „რუსებო წადით სახლში.“ „ტიზას“ლიდერმა პირობა დადო, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობა სწორედ ვარშავაში იქნებოდა - უნგრეთისა და პოლონეთის 1000-წლიანი მეგობრობის გასამყარებლად. მან ასევე პირობა დადო, რომ ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მისი მიზანი ევროკომისიის დარწმუნებაა, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის შენარჩუნების გზაზე წარუმატებლობის გამო, გაყინული 17 მილიარდი ევროს ოდენობის თანხები განიბლოკოს. ვინ არის პეტერ მადიარი „იურისტი მადიარი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ორბანის პარტია „ფიდესის“ ნაკლებად ცნობილი წევრი იყო. ის ბრიუსელში დიპლომატად მსახურობდა და სახელმწიფო უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. მადიარი პოპულარული 2024 წელს გახდა, ორბანს პოლიტიკური სკანდალის გამო ჩამოშორდა მას შემდეგ, რაც ბავშვთა სახლში სექსუალური ძალადობის დაფარვისთვის მსჯავრდებული კაცი შეიწყალეს. იმავე წელს, მადიარმა შექმნა ახალი პოლიტიკური მოძრაობა Tisza, რომელმაც ევროპარლამენტის არჩევნებში, უნგრეთში ხმების 30 პროცენტი მოიპოვა. მან თავი აარიდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლგბტქ+ უფლებები და დუმილი შეინარჩუნა შარშან ბუდაპეშტში პრაიდის აკრძალვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მან რუსეთისადმი ორბანის მიდრეკილება გააკრიტიკა, თავი შეიკავა უკრაინის ომზე საუბრისგან,“ - წერს მადიარის შესახებ New York Times. ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინა „რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს, რადგან უნგრეთისა და რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება და ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება“ — პიტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთში არავის სურს „პროუკრაინული მთავრობა, ყველას პროუნგრული მთავრობა სურს.“ „კარგი იქნებოდა, გვყავდეს მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხის რეალურ პრობლემებს მოაგვარებს. თუ ასეთი ვითარება იქნება, მაშინ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს. არც უნგრეთის და არც რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. საჭიროა დივერსიფიკაცია, მაგრამ ეს ერთ დღეში არ ხდება. თუ საჭირო იქნება, მოლაპარაკებებს გავმართავთ, მაგრამ მეგობრები არ გავხდებით,“ - განაცხადა მადიარმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაზეთ Népszava-სთან ინტერვიუში.