თეგი: პიჯაკების საქმე
მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ
მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ. რა მნიშვნელობა აქვს, გინდა დახურეთ და გინდა მოხურეთ. ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს, - ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს, რომელიც სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს იხილავს. „თუ გგონიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ნათქვამი ვინმემ გაიგო და მოისმინა, ძალიან ცდებით. ისე ნუ გააკეთებთ, რომ წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სხდომა დავხურო. ვინაიდან თქვენი გამოსვლა არის შეურაცხმყოფელი როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის, მე გაძლევთ შენიშვნას და თუ თქვენი მონაწილეობა ხელს შემიშლის სხდომის გაგრძელებაში, დავხურავთ სხდომის დარბაზს და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებთ საქმის განხილვას. შეურაცხყოფას აქ არავინ არ მოითმენს“, - განაცხადა მოსამართლემ. შეგახსენებთ, რომ თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.