თეგი: პოლიტიკური პარტიები
ცესკომ პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის არჩევის საკითხი გაამარტივა
ცესკომ პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის არჩევის საკითხი გაამარტივა. ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილებებით კი კომისია პარტიების საქმიანობის ხელშეწყობას აგრძელებს. „თუ გასულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტი განსხვავებული ნომრებით იყო წარმოდგენილი (მაგალითად, - 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სხვა ნომრით, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა ნომრით), არსებული ცვლილებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ ერთი რიგითი ნომერი აირჩიონ ორი სხვადასხვა სახის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ პარტია მონაწილეობდა ორივე საერთო არჩევნებში, მაგრამ ამჯერად მაგალითისთვის, მხოლოდ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, მისთვის შესაძლებელია აირჩიოს ან პარლამენტის ბოლო არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომერი“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სასურველი რიგითი ნომრის მისაღებად, პარტიამ წერილით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აცნობოს საკუთარი გადაწყვეტილება 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. მათივე ინფორმაციით, სამართლებრივი აქტი ზემოაღნიშნულის თაობაზე ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო; ამ გადაწყვეტილების მიზანი კი პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის გამარტივების უზრუნველყოფას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ამომრჩეველი ბათუმში საკრებულოს დეპუტატს, რუსთავში კი პარლამენტის დეპუტატს აირჩევს.
პარტიების დაფინანსება ხდება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან - კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არ არის გამჭვირვალე, იყო ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა გამჭვირვალობას, თუმცა ეს კანონი გაწვეული იქნა, აქედან გამომდინარე დღესაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. „დაგისახელებთ კონკრეტულ ორგანიზაციებს და ვერსად ვერ ამოიკითხავთ ინფორმაციას იმაზე, ვინ რამდენით აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს. ეს არის სერიოზული პრობლემა, ასევე სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება. არის შექმნილი ფეიკენჯეო, „დროა“, იგივე სახელით იგივე ლოგოთი, ეს არის ფიქტიური, ქაღალდზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება გარე წყაროებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ეს არის ჩვენთვის გაუგებარი პრაქტიკა და ამაზე გავაგრძელებთ საუბარს ყველგან, საზოგადოებას მივწვდით ინფორმაციას და ამაზე საუბარი გაგრძელდება ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.