თეგი: პოლიციელები
პრემიერ-მინისტრი: ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება
ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი და დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს პოლიციელებისთვის. „რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემი და ბატონი მინისტრის დიდი სურვილია და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000 ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი ჯიქიას ქუჩაზე განხორციელდეს, სადაც განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნულ ბაზას სხვა ადგილზე გადავიტანთ და ამ ადგილზე 1000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, რომ 1000 ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს, სექტემბერში ჩაბარდებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს. ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი, ეს უნდა გაგრძელდეს ,დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის და ისევ და ისევ მინდა ვთქავა, რომ ჩვენი ვალია შესაბამისად, ღირსეულად დავუფასოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს წირავენ ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მარტის აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო". ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. „ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. „ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა. ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. „თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“. პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
შსს 2 პოლიციელის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა. გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პოლიციელი ემსხვერპლა „1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე. სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს! უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება. მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის!”- წერს პრეზიდენტი.
ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება - ღარიბაშვილი პოლიციელებს
ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ჩვენი ძალისხმევა. თქვენი იცით, როგორი ძვირფასია ჩემთვის ქართული პოლიცია, ეს სამინისტრო. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, მემსახურა თქვენთან ერთად ამ სამინისტროში. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენდამი. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას, პატივისცემას. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს. გისურვებთ წარმატებებს, კეთილდღეობას და გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა პრემიერმა.