თეგი: პოლკი აზოვი

აზოვი პუტინს: სიკვდილით თავად დაისჯებით, საკუთარ აფთრებთან ერთად

„აზოვის“ პოლკი, ელენოვკაში უკრაინელი სამხედროების მკვლელობის შემდეგ, აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ გასამართლდება. აზოვის პოლკი ავრცელებს ვიდეომიმართვას, რომელშიც დანაყოფის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკიტა ნადტოჩი საუბრობს უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახოცვის შესახებ და ვლადიმერ პუტინს მიმართავს.  „დღეების განმავლობაში ისინი იტყუებოდნენ უკრაინის არმიის შესახებ და დღეს თავისი დანაშაული საელჩოს განცხადებით დაადასტურეს. მინდა შევახსენო პუტინს, რომელსაც ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა პირადად ეკისრება, რომ ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ.  თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე, როგორც გიყვართ, ცნობებითა და ბეჭდებით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება,“ – განაცხადა „აზოვის“ მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა.  მანამდე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ.  „აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ". – წერდა რუსეთის საელჩო. 29 ივლისს „აზოვმა“  ელენოვკაში, უკრაინელი ჯარისკაცების მასობრივ მკვლელობაში ყველა მონაწილე პირზე „ნადირობა“ გამოაცხადა.  29 ივლისს რუსული მედია წერდა, რომ ელენოვკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინის ჯარმა კოლონა დაცხრილა და სულ ცოტა 53 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბმა ეს ბრალდება უარყო. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ამ აქტით ტყვეების წამებისა და გარდაცვალების ფაქტები დამალეს.  უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ დონეცკის ოლქში, ელენოვკაში უკრაინელი პატიმრების მკვლელობა, „ვაგნერის“ დაქირავებულებმა, ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კოორდინაციის გარეშე მოაწყვეს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ „ჩაჭრეს“ სატელეფონო საუბრები, რომლებშიც დამპყრობლები ადასტურებენ, რომ სწორედ რუსი ჯარები იყვნენ პასუხისმგებელი ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში მომხდარ აფეთქებაზე, სადაც სულ მცირე 53 უკრაინელი პატიმარი დაიღუპა.