თეგი: პოსტი
მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმად „საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს“
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში ВКонтакте, გამოქვეყნდა პოსტი, რომლის შინაარსის მიხედვით, 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა. მედვედევის მტკიცებით, „საქართველო დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა გაერთიანდნენ“. ამავე პოსტის თანახმად, ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფოა“ და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც „რუსების გენოციდია“ და „სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“. მედვედევის პოსტის ასლი თავის ტელეგრამ-არხზე რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს. მოგვიანებით, დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ ოლეგ ოსიპოვმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ВКонтакте მედვედევის გვერდი გატეხეს.