თეგი: რეინჯერები
რეინჯერთა მორიგმა ნაკადმა მომზადება დაასრულა
მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მე-11 ნაკადმა დაასრულა. რეინჯერის მრწამსის წარმოთქმის შემდეგ, პირად შემადგენლობას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სერტიფიკატები გადასცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. 18-კვირიანი მომზადების განმავლობაში მსმენელებმა გაიარეს თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები, რაც მოიცავდა: სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებებს. ასევე, კურსანტებმა შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა. დღეიდან კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში სამსახურს გააგრძელებენ. სამხედრო მოსამსახურეებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეუძლიათ სწავლა განაგრძონ „სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამაზე“, რომლის დასრულების შემდეგაც ჩაირიცხებიან სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონში.
რეინჯერებმა საპარაშუტო კურსი დაასრულეს
ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების კურსი ოთხკვირიან სწავლებას მოიცავდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისაგან შედგებოდა. მსმენელებმა მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი - პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით. რეინჯერებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ მიულოცა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს NATO-ს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.