თეგი: რენდ პოლი

რესპუბლიკელმა სენატორმა, უკრაინისთვის $40 მილიარდის დაჩქარებულად გამოყოფა დაბლოკა

რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა დაბლოკა სენატის კენჭისყრა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი ამ კვირაში არ დამტკიცდება და პროცედურა უფრო დიდხანს გაჭიანურდება. სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მიჩ მაკკონელი სენატში გამოვიდნენ, რათა უკრაინის დახმარების შესახებ $40 მილიარდიანი პაკეტი რაც შეიძლება მალე დაემტკიცებინათ. რადგან კანონპროექტის სწრაფი მიღება ერთპიროვნულად დაბლოკა რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა კენტუკიდან, წესების მიხედვით, სენატი მოითხოვს ყველა სენატორის ერთსულოვან თანხმობას საბოლოო კენჭისყრის გასაგრძელებლად. მისი წინააღმდეგობის გამო, სენატმა უნდა გაიაროს ყველა ჩვეულებრივი პროცედურა. რენდ პოლმა მოითხოვა, რომ კანონპროექტს დამატებოდა მოთხოვნა გენერალური ინსპექტორის დანიშვნის შესახებ, რომელიც გააკონტროლებდა სახსრების ხარჯვას. ასეთი შესწორება მოითხოვს მეორე კენჭისყრას წარმომადგენელთა პალატაში. "სენატი ერთგულების ფიცს დებს აშშ-ს კონსტიტუციის და არა რომელიმე უცხო ერის წინაშე, რამდენადაც არ უნდა თანაუგრძნობდეს მისაღწევი შედეგის მნიშვნელობას. ჩემი ერთგულების ფიცი ურყევი რჩება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მიმართ". - აღნიშნა სენატორმა. 11 მაისს, აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. პროცედურის თანახმად, კანონპროექტს ახლა სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი, შემდეგ კი ის ხელმოსაწერად შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. დოკუმენტი ასევე გულისხმობს ფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების 11 მილიარდამდე გაზრდას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.