თეგი: რიგგარეშე სესია
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურში ადასტურებენ. კერძოდ, პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა. „საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან", - წერია პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც 15 ივლისით თარიღდება. შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 13 ივლისს განაცხადა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს, არანაირი დღის წესრიგი არ აქვს და რაზეც ისინი საუბრობენ, არის რადიკალიზაციის სურვილი. დღეს, 18:00 საათზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგია ჩანიშნული.