თეგი: რიკო კრიგერი
ლუკაშენკომ გერმანიის მოქალაქე, სიკვდილმისჯილი რიკო კრიგერი შეიწყალა
ბელორუსის ლდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გერმანიის მოქალაქე, სიკვდილმისჯილი რიკო კრიგერი შეიწყალა. ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტა" წერს. უფრო ადრე, 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კრიგერმა შეწყალების თხოვნა დაწერა. მინსკის რაიონულმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი მას ივნისის ბოლოს გამოუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, რიკო კრიგერს განაჩენი არ გაუსაჩივრებია. კრიგერი დამნაშავედ ცნეს დაქირავებულ საქმიანობაში, ჯაშუშობაში, ტერორიზმში, "ექსტრემისტული ფორმირების" შექმნაში, უკანონო მოქმედებებში ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან მიმართებით, სატრანსპორტო საშუალებებისა და გზების წყობიდან განზრახ გამოყვანაში. საქმე ეხება 2023 წლის ოქტომბერში მინსკთან ახლოს, ოზერიშჩეს რკინიგზის სადგურზე, მომხდარ აფეთქებას. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ბელარუსის ოფიციალური მედია ამტკიცებდა, რომ კრიგერი უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. გასულ კვირას სახელმწიფო ტელეარხმა "ბელარუს 1-მა" აჩვენა სიუჟეტი, რომელშიც კრიგერმა განაცხადა, რომ მოქმედებდა უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით და რომ "მოატყუეს". მან ასევე აღნიშნა, რომ ნანობს იმის გამო, რაც ჩაიდინა და შეწყალების იმედი გამოთქვა. უცნობია, რა ვითარებაში იყო გადაღებული ეს ვიდეო.