თეგი: რობინ ვაგენერი

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინატორი, რობინ ვაგენერი საქართველოს ეწვია

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი, რობინ ვაგენერი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. გერმანიის საელჩოს ცნობით, ვაგენერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე სხვა დეპუტატებსა და  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. „საქართველოში მივემგზავრები, რათა მკაფიო გავხადო, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ეს პერსპექტივა რეალობად იქცეს. ამასთან, ნათელია, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ აუცილებელი რეფორმების გატარება არ არის ადვილი და ხანდახან წინააღმდეგობებს აწყდება. ვაღიარებ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ვისაუბრებ მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა საქართველოში ჩამოსვლამდე ვაგნერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.