თეგი: როუმინგი
24 ევროპარლამენტარი ევროკომისიას მოუწოდებს, საქართველო EU-ს როუმინგის სივრცეში ჩართოს
ევროპარლამენტის 24 დეპუტატი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს მიმართავს და საქართველოს ევროკავშირის როუმინგის სივრცეში ჩართვისკენ მოუწოდებს. „საქართველოს თითოეული მოქალაქე ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. საქართველოს ჩართვა ევროპულ რეჟიმში, როგორც მათ სახლში, მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯია საქართველოს ევროპული ამბიციების რეალიზებისკენ. საქართველომ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვა აშკარა პრიორიტეტად რამდენიმე წლის წინ დაასახელა. მას შემდეგ საქართველო აქტიურად მუშაობდა რეგიონული როუმინგის (PRA) და სპექტრის (RSA) ხელშეკრულებების გაფორმებაზე. გარდა ამისა, საქართველოს მაღალგანვითარებული სატელეკომუნიკაციო სექტორი აქვს. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, ევროკომისია მხარს დაუჭერს ერთიანი როუმინგული სივრცის შექმნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის კოორდინირებული დახმარების გზით", – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიმართვაში, რომელსაც „ტაბულა“ ავრცელებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის ტარიფები 2017 წელს გაუქმდა. ცვლილების შედეგად ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები სატელეფონო ზარებში, SMS-ებსა და მობილურ ინტერნეტში იხდიან იმდენივეს, რამდენსაც საკუთარ ქვეყანაში. EU-ს როუმინგის სივრცეში ჩართვა საქართველოს მოქალაქეებს იმავე შეღავათით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
ევროკავშირის საბჭომ როუმინგ ზონასთან უკრაინის მიერთებას მხარი დაუჭირა
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება როუმინგ ზონასთან უკრაინის მიერთების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა. „ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, უკრაინელებისთვის ევროპაში ნათესავებთან ზარის ფასები შემცირდება. გარდა ამისა, არ იქნება საჭირო SIM ბარათების შეცვლა ევროპაში მოგზაურობის დროს“, - აღნიშნა ფედოროვმა. უკრაინა ევროკავშირის როუმინგ ზონას შეუერთდება. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასული წლის სექტემბერში, ევროპარლამენტში ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა. უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს 5 სექტემბრის სხდომის შემდეგ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა თავის ვალდებულებას, შეისწავლოს გრძელვადიანი შეთანხმების შესაძლებლობა ევროკავშირსა და უკრაინას შორის როუმინგის გადასახადის გაუქმების შესახებ. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალმა ჯერ კიდევ გასული წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის როუმინგ სივრცესთან შეერთებას უახლოესი პერიოდისთვის გეგმავდა. მანამდე, აპრილში, ევროკავშირისა და უკრაინის მობილურმა ოპერატორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ხელმისაწვდომი ან თუნდაც უფასო როუმინგის უზრუნველსაყოფად ითანამშრომლებდნენ. მაშინ ევროკომისიის წარმომადგენელი, კატარინა მატერნოვა აცხადებდა, რომ ეს შეთნხმება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ერთიან როუმინგზე მომავალ ხელშეკრულებას ჩაუყრიდა საფუძველს.