თეგი: რუსული სპეცსამსახურები
ესტონეთში, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს
ესტონეთში რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა “ტვიტერის” პირად გვერდებზე ავრცელებენ. „ესტონეთმა წარმატებით შეაჩერა რუსული სპეცსამსახურების ჰიბრიდული ოპერაცია თავის ტერიტორიაზე. ვიცით, რომ კრემლი თავის ძალისხმევებს ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებების წინააღმდეგ მიმართავს. ჩვენი პასუხია: ვიყოთ ღია და გამოვამჟღავნოთ მათი მეთოდები. ეს არის საშუალება, რათა მავნებელი ქმედებების შევაჩეროთ და უფრო გავმყარდეთ,” - წერს კალასი. ცაჰკნამ დააზუსტა, რომ ესტონეთის უსაფრთხოები პოლიციამ (Kapo) ათი ადამიანი დააკავა, რომლებსაც რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედება ედებათ ბრალად. „მათი მიზანი იყო შიშის დათესვა, დაძაბულობის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაში ჩვენი სიმყარის შესუსტება. მაგრამ რუსეთს ეს არ გამოუვა. ძლიერად და ფხიზლად ვრჩებით,” - წერს ცაჰკნა. დაკავებულთა შორის 6 წინასწარ პატიმრობაში რჩება. სახელმწიფო პროკურორის, ტრიინუ ოლევის თქმით, დაკავებულთა შორის არიან რუსეთისა და ესტონეთის მოქალაქეები, ზოგიერთს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.