თეგი: საბაჟო კონტროლი
შემოსავლების სამსახური: ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს
ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მკაცრი სანქციები, აგრეთვე დაუწესდათ რუსეთსა და ბელარუსში მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. „ამის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს. ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, კონტროლდება ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ. აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი, ასევე ამავე ქვეყნების დანიშნულებით საქართველოდან სანქცირებული საქონლის რეექსპორტი (რეექსპორტისას აგრეთვე კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირები და კომპანიები). განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში და ბელარუსში ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა.ამასთან აღსანიშანივია, რომ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს, რომ საქართველოს გავლით საქონლის ტრანზიტისას, განსაკუთრებით გამკაცრებულია საბაჟო კონტროლი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაადგილებაზე (ისევე როგორც სხვა სანქცირებულ პროდუქციაზე). ტვირთის ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა სანქცირებულ ფიზიკურ პირებს და კომპანიებს. ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებას მოახდენს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის კონტრაბანდის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისაგან თავის არიდების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ერთ-ერთი ჯგუფის წევრის მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით, სარეალიზაციოდ შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2 620 გრამი ოქროსა და 6 189 გრამი ვერცხლისგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 429 111 ლარს შეადგენს. გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოტანილი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო თბილისში, ვაგზლის მოედანზე განთავსებულ ე.წ „ოქროს ბირჟის“ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო - ხუციშვილი
სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს. „აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. სანქციების დაწესების პირველ დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან ამ მიმართულებით ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისათვის პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით.