თეგი: საერბეთი

ალექსანდრ ვუჩიჩი: სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას

სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და ყველა ღონეს გამოიყენებს კოსოვოში სერბების ინტერესების დასაცავად. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ არც პირდაპირ და არც ირიბად არ ვაღიარებთ რეგიონის დამოუკიდებლობას. ჩვენ არ უგულებელყოფთ საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, - განაცხადა ვუჩიჩმა. მისი თქმით, კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების წინააღმდეგ „დაშინების კამპანია“ მიმდინარეობს. „ჩვენ შევძელით სერბი ხალხის „ერთობის“ შენარჩუნება კოსოვოში. სერბებს ესმოდათ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მათი ინტერესების დასაცავად. ეს ხალხი არ იტყვის უარს სერბულ სახელსა და გვარზე, ასევე მანქანის ნომრებზე. ისინი არ გრძნობენ უხერხულობას რაღაცით, რაც ალბანელებს ეკუთვნის, მაგრამ არც სერბეთის რესპუბლიკაზე უარს ამბობენ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, არ აპირებდა სერბი ახალგაზრდების „ფრონტის ხაზზე“ გაგზავნას. „სერბეთი დაჟინებით მოითხოვს მშვიდობას არა იმიტომ, რომ სუსტია. მაგრამ იმიტომ, რომ მე არ მინდა გავხდე პრეზიდენტი, რომელიც ბავშვის ცხედარს კუბოში უგზავნის სერბ ან ალბანელ დედას. თუმცა, ჩვენს შვილებზე, დედებსა და მამებზე თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ ისინი, გაითვალისწინეთ ჩემი სიტყვა“, - დასძინა ვუჩიჩმა.