თეგი: საერთაშორისო ინსტიტუტები
მთავრობამ ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ინსტიტუტებიდან $764 მლნ-ის რესურსი მოიძია - ანგარიში
საქართველოს მთავრობამ ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან 19 სასესხო/საგრანტო შეთანხმება გააფორმა და ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი, მათ შორის, დაახლოებით, 343 მლნ აშშ დოლარი საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო დაახლოებით 421 მლნ აშშ დოლარი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მოიძია. მთავრობის ერთი წლის ანგარიშში თავმოყრილი ინფორმაცია 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა განვითარების პარტნიორთან პრიორიტეტული პროგრამებისა და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის. შეთანხმება გაფორმდა: გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW); საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD); აზიის განვითარების ბანკთან (ADB); რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD); ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB); ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). დოკუმენტის თანახმად, წლის ბოლომდე დაგეგმილია ხელმოწერა დაახლოებით 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. მოლაპარაკებები და კონსულტაციები დაწყებულია: გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD); რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD); საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD); აზიის განვითარების ბანკთან (ADB). საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება კომუნალური ინფრასტრუქტურის, ირიგაციის, ურბანული განახლების, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის, განათლების, ენერგეტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისათვის, ასევე სხვა პროექტების დასაფინანსებლად. წლის ბოლომდე დაგეგმილია ხელმოწერა, მოლაპარაკება და კონსულტაციები გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB), დაახლოებით, 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი. 2022 ივნისში მიღწეულია შეთანხმება სავალუტო ფონდთან მხარდამჭერი პროგრამის − ე. წ. Stand by Arrangement პროგრამის დამტკიცების შესახებ, ხოლო 22 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA) პირველი მიმოხილვა დაამტკიცა, რის შედეგადაც, საქართველოსთვის ხელმისაწვდომია, დაახლოებით, 40 მილიონი აშშ დოლარი. „მთავრობა აგრძელებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქვეყანას აქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით და ხელისუფლებამ დააკმაყოფილა პროგრამის ყველა პირობა. მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამის მიზანია, საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა გახდეს უფრო ეფექტიანი და ინკლუზიური და ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორების მიმართულებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.