თეგი: საერთაშორისო კოიტეტი

IOC-მა რუსეთის სახელით მოასპარეზეს, მოჭიდავე სადულაევს ბაქოს ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის სახელით მოჭიდავე აბდულრაშიდ სადულაევს პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ბაქოში გამართულ ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ამის შესახებ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის (FSBR) ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. ეს უკვე მეორე გადაწყვეტილებაა სადულაევთან დაკავშირებით. თებერვალში, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონი შენგენის ვიზით რუმინეთში არ შეუშვეს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება არ მისცეს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში, სადულაევი ლუჟნიკში, ოკუპირებული ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავთან დაკავშირებით მიტინგსა და კონცერტში მონაწილეობდა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა. IOC-მ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვების კრიტერიუმებში მიუთითა, რომ მონიტორინგს გაუწევს რუსი სპორტსმენების მონაწილეობას დემონსტრაციებსა და პოლიტიკურ მოვლენებში. რუსული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ უკრაინის NOC-ისა და ჭიდაობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა ღია წერილით მიმართეს IOC-ის პრეზიდენტს თომას ბახს. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ პარიზის თამაშებზე, რუს სპორტსმენებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ომს. სიაში, სავარაუდოდ, ნახსენებია აბდულრაშიდ სადულაევი. სადულაევმა რიო-დე-ჟანეიროსა და ტოკიოს თამაშებზე ოქრო მოიპოვა, 27 წლის მოჭიდავეს მსოფლიოს ჩემპიონატებზეც ხუთი გამარჯვება აქვს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. რუსი და ბელორუსი სპორტსმენები იქ ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ.