თეგი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამიტზე ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას. ეს სანქციები თებერვალში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დაწესდა. მათ შორისაა რუსეთსა და ბელორუსში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების აკრძალვა, ამ ქვეყნების სპორტსმენებს არ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი დროშები და ჰიმნები. დღევანდელმა სამიტმა გაახანგრძლივა ეს სანქციები, გადაწყდა რუსეთის პრეზიდენტისა და ერთ-ერთი ვიცე-პრემიერის ოლიმპიური ბრძანებების გაუქმება. სამიტზე გათვალისწინებული იყო საფრანგეთის პრეზიდენტის (მომდევნო ოლიმპიადა აქ გაიმართება) ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომ შეჯიბრში, ომში მყოფმა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა - რადგან სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. მაგრამ ამ მოსაზრებას დელეგაციების უმეტესობა არ დაეთანხმა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ, ომის აქტიურად მხარდამჭერები არ დაიშვებიან
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან. „რუსული და ბელარუსული პასპორტების მქონე სპორტსმენები, რომელთაც კვალიფიკაცია აქვთ გავლილი, დარეგისტრირებული იქნებიან როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები და შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები. სპორტსმენებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ,”- ნათქვამია განცხადებაში. არ დაიშვებიან სპორტსმენები, რომელთაც რუსულ ან ბელორუსულ შეიარაღებულ ძალებში ან სპეცსამსახურებში სამსახურზე კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.