თეგი: საკონსტუტუციო სასამართლო

პრეზიდენტი: საკონსტიტუციომ განაჩენი ქვეყანას და თავის თავს გამოუტანა

საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არსებით განსახილველად არ მიიღოს პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელი არჩევნებზე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციომ განაჩენი ქვეყანას და თავის თავს გამოუტანა. „დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს - არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი არსება დაკარგა და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებულები არიან ერთპარტიულ წყობაზე რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ სამი ადამიანი მაინც იქნებოდა მართალი თავისი სინდისის წინაშე. „კითხვა ისმის და ისმოდა, რატომ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, როცა უკვე ვიცოდით, თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილებაა. იმის იმედი თუ ნდობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი, მითუმეტეს ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანებმა არაერთხელ გამოაჩინეს შინაგანი ძალა. შინაგანი ძალა, რომ შეიძლება გადაუდგე იმ მოვლენებსა და დადგე როგორც პიროვნება. სადღაც ჩემში მქონდა იმის იმედი, რომ როცა ადამიანებმა იციან, მათზეა დამოკიდებული ის საშუალება, ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წყობას და პოლიტიკურ პროცესს, ადამიანებს, როცა აქვთ ისტორიაში ერთი საშუალება მოცემული, რომელიც არასდროს დაბრუნდება და როცა ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს, მჯეროდა, მიმაჩნდა, ვიმედოვნებდი, რომ ამ გადაწყვეტილებას სამი ადამიანი მაინც მიიღებდა და იქნებოდა მართალი საკუთარი სინდისისა და ქვეყნის წინაშე. შევცდი! შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი, რეალურად, კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი პასუხისმგებლობაა, ქვეყანა მიიყვანოს ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ახალ ხელისუფლებას. „ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია ამ ქვეყანაში. სიტყვა ხელისუფლებას არ ვამბობ, ძალაუფლების და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი. ეს არის ივანიშვილი და ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი. მისი პასუხისმგებლობა იქნება, რომ დააბრუნოს თავისი რეჟიმი არაძალადობრივ რეჟიმში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას," - განაცხადა ზურაბიშვილმა.