თეგი: სალომე ზურავიშვილი
პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი - საბედნიეროდ, საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია
საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი - საბედნიეროდ, საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლის ეზოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მის გამოსვლამდე, ეროვნული დროშების ფონზე გაჟღერდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები. ადგილზე იმყოფებოდა დიპკორპუსი. მათ შორის უკრაინის წარმომადგენელი, ანდრი კასიანოვი. „ერთი წელია, რაც რუსეთმა, უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენობის წინააღმდეგ სრულმაშტაბიანი აგრესია წამოიწყო. ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი, ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას. ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი, ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევითა და უგულებელყოფით.ერთი წელია, რაც უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა - პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში - თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება: ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია! ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო - რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია: ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა; პირიქით - უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა დღითი დღე იზრდება. არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება არა მხოლოდ სიტყვიერი, არამხოლოდ ფინანსური, არამედ ყველა შესაძლო რესურსით. რუსეთისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს საოცარი ერთობა, რომელსაც ვერც ენერგო შანტაჟმა, ვერც ბირთულმა შანტაჟმა და ვერც ეკონომიკურმა კრიზისმა ვერ გადაათქმევინა მხარდაჭერა და ვერ შეაცვლევინა პრინციპული სოლიდარობა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ერთგვარად ახალი, თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს. ამ მოცემულობაში, არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება, იმის გამო რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს რომ გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომცა და ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია; გაუგებარი იმ ქვეყნისგან რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ, რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე. საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია: ყველა ფორმით და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვან მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს სად დგას ქართველი ხალხი. გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები. დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობისა და სიახლოვის, რაც ამ დროშებით და ჩვენი ჰიმნებით გამოიხატება. საღამოს ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები ამ ტრაგედიის მიმართ საკუთარ ხედვას გაგვიზიარებენ. თბილისი კი თავის მხრივ მსოფლიოს გაახსენებს რომ საქართველო, დგას სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და „საკუთარი ინტერესების“ ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი - საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება. ამ საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოვხატე უკრაინას მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ, - განაცხადა პრეზიდენტმა.