თეგი: სამების საკათედრო ტაძარი
სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში გაიმართება სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო წირვას აღავლენს და სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების პანაშვიდს გადაიხდის. შსს-ს ინფორმაციით, პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ანდრია ჯაღმაიძე: პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს - ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კომენტარი გააკეთა სამების ტაძარში არსებულ ხატთან დაკავშირებით და დღესასწაულის სკანდალის გადაფარვის მცდელობაზე მიუთითებს. ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, ის, რომ „ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში, არაფრის მომცემია და ეს მეორადი საკითხია, ისიც, რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის.“ „მთავარი რამ, რასაც ამ სიუჟეტიდან ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა. ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ.გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის. ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოების სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს. ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც," - აცხადებს ჯაღმაიძე. ის ფიქრობს, რომ "ეს არის მიზანმიმართული ტაქტიკა, რომ არ მივიდეს მაყურებლამდე ნამდვილი შინაარსი დღესასწაულისა." „შობაზე თუ ამას იკადრებდნენ, ძნელი წარმოსადგენი იყო, თუმცა იკადრეს და მათი მაყურებელი, ამაღლებული საიდუმლოს გააზრების ნაცვლად ორი დღეა, სტალინზე ფიქრობს. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს. რეალურად დასცინიან მსმენელს. ისტორია შობის შესახებ მეორდება, ხალხი ამაოებაში ჩაფლული, მათი მხსნელის ამ ქვეყნად მოსვლას ვერც იგებს, ეს ოცი საუკუნის წინ. და დღეს ისევ იგივე, ამ ტელევიზიების მაყურებელი დარჩა შობის სიხარულის გარეშე, სიყვარულის ნაცვლად განკითხვაში და სიხარულის ნაცვლად, ლანძღვაში," - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" ანდრია ჯაღმაიძე. დეკანოზმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა: „ბეთლემში ქრისტეს შობისას, თითქმის მთელი სამყარო, მათ შორის ხალხი ვინც მესიის მოსვლის წინასწარმეტყველება იცოდა და მოლოდინი ჰქონდა, ამაო საქმიანობით და საფიქრალით იყო გართული. ვერავინ შენიშნა, რომ ქრიტე მაცხოვარი, კაცობრიობის მხსნელი იშვა, ვერავინ გაიხარა ამით გარდა მწყემსებისა. - რატომ არ ელოდა ხალხი მის მხსნელს? - არ ეცალათ - რატომ არ ეცალათ? - ალბათ ჟურნალისტები დარბოდნენ და ტირანი ჰეროდეს შესახებ ელაპარაკებოდნენ ხალხს, ქრისტეს შობის ხარების ნაცვლად. რა საბრალონი იყვნენ, იმის ნაცვლად, რომ ამ დიდ საიდუმლოზე ეფიქრათ იმ დღეს, ჰეროდეზე ფიქრობდნენ და მათ გულში ქრისტეს ნაცვლად ჰეროდე პოულობდა ადგილს. მე კი გილოცავთ გულით ქრისტეს შობას, თქვენს გულებში იპოვოს სამყოფელი ახალშობილმა, ყრმა იესომ," - წერს ანდრია ჯაღმაიძე. სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა. მისივე თქმით, ეს სინამდვილეში არა სტალინის ხატი, არამედ წმინდა მატრონას ხატია, სადაც მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი - სტალინთან შეხვედრაა ასახული.
იოსელიანი: გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების ტაძარში
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამების საკათედრო ტაძარში მომხდარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში.“ „უნდა გვესმოდეს, როდესაც რელიგიას, სარწმუნოებას ეხება საკითხი, ბევრ ადამიანს ეხება ჩვენისთანა ქვეყანაში, რომელიც რელიგიური ქვეყანაა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის გამოსაჩენი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს შურისძიება, ლინჩის წესით ვიღაცების გასამართლება, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ჩემთვის, ადამიანურად, პიროვნულადაც, როგორც სახალხო დამცველისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში,“ – განაცხადა იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით. ცნობისთვის, 7 იანვარს გასაჯაროვდა ცნობა, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ტაძრისთვის შეწირულ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული იყო საბჭოღა დიქტატორი იოსებ სტალინი, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია. სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა განათავსა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. 11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა 12 იანვარს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შენდობას ითხოვს. „მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,“ - წერდა არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. 13 იანვარს, ჰომოფობიურმა ჯგუფმა და პრორუსული ორიენტაციის „ალტ ინფომ“ ნატა ფერაძის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია დაგეგმა.