თეგი: სამედიცინო დახმარება
პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ აქციებს აანონსებს
პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ აქციებს აანონსებს. მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აქციების დაწყების კონკრეტულ თარიღს, უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ. „გეგმა არის ასეთი: ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში, ვისაუბრებთ ექიმებთან, უნდა ვისაუბროთ საპატრიარქოსთან. გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება, პატივი დაგვდოს უწმინდესმა, გამონახოს დრო და შეგვხვდეს, რათა ჩვენ ავუხსნათ მას ჩვენი ძმის, ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომელსაც ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება გაგრძელება იმისა, რასაც ახლა დავიწყებთ რეგიონებში. ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გავყვებით ყველა მხარეს და შევხვდებით ხალხს. თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა. ოჯახი 2 მაისის 18.00 საათამდე ელოდებოდა ხელისუფლებისგან პასუხს, მზად არიან თუ არა მკურნალობის მიზნით სააკაშვილის უცხოეთში გასაგზავნად. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.