თეგი: სამხატვრო ხელმძღვანელი
სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად კიდევ ერთ თეატრში გამოცხადდა
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. კულტურის სამინისტროს ცნობით, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. „კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა სამმა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ, თეატრის ყოფილმა დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა, ნანა წერეთელმა და რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ. კულტურის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა მოკლებულია კონკრეტიკას და ვერ ქმნის ნათელ წარმოდგენას მომავალი ოთხი წლის მანძილზე თეატრის განვითარების შესახებ. რაც შეეხება ორ სხვა კანდიდატს, ერთ-ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მათგანის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ზოგადი ხასიათისაა და არ ემყარება ჭიათურის თეატრის საჭიროებებს. შესაბამისად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავით დოიაშვილი დაინიშნა
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავით დოიაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყება ულოცავს დოიაშვილს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას და აღნიშნავს, რომ „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა. „დავით დოიაშვილი თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა მიმდინარე წლის პირველ იანვარს ამოეწურა. მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ზემოხსენებულმა კანდიდატმა მიიღო, რის საფუძველზეც კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს დავით დოიაშვილის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის 24 იანვარს წარუდგინა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.