თეგი: სამხედრო ბაზები
ელჩი დეგნანი პასუხობს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება
რამდენად შესაძლებელია შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სამხედრო ბაზა განათვსოს - ამ შეკითხვას ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა Facebook-ზე ონლაინ შეკითხვების დროს უპასუხა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეერთებულ შტატებს დიდი წვლილი შეაქვს. „დაახლოებით ამასთან „ახლოს მდგომი“ უკვე გვაქვს, რადგან თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო და დიდია. საქართველოში ძალიან ხშირად იმყოფებიან ამერიკის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, ისინი, რომლებიც ერთობლივად ატარებენ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს თუ სწავლებებს, იქნება ეს კრიზისების მართვა, მედეგობა თუ ა.შ. ასევე, ხშირად არიან ამერიკის არმიის წარმომადგენლები. საქართველოში ხშირად ჩამოდიან ამერიკული ხომალდები. ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო მიმართულებით არის ძალიან ძლიერი და მრავალფეროვანი. აუცილებლად უნდა ვახსენო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ და საქართველოს თავდაცვის ძალებმა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მიაღწია. თუკი ადრე საქართველო იყო ხოლმე NATO-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, თანამასპინძელი დიდი წვრთნებისა და სავარჯიშოების, ახლა საქართველო თავად დამოუკიდებლად მასპინძლობს დიდ, მრავალეროვნულ, კომპლექსურ წვრთნებს, რომელიც მნიშვნელოვანია ურთიერთთავსებადობის გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ თავდაცვის ძალები იყოს მზადყოფნაში, შეეძლოთ საკუთარი ქვეყნისა და საზღვრების დაცვა. ორი დღის წინ, ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და გამოხატეს ერთგულება იმის მიმართ, რომ NATO-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ამისთვის აუცილებელია რეფორმების განხორციელება და ამისთვის არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი. საქართველომ უნდა გაიაროს ეს გზა და შევიდეს ამ ღია კარში, ამისთვის კი აუცილებელია რეფორმების განხორციელება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან