თეგი: სამხედრო დანაკარგები
მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინას სამხედრო დანაკარგები შეუმცირდა
უკრაინამ ივნისთან შედარებით სამხედრო დანაკარგების შემცირება შეძლო. ივნისში დღეში 100-200-მდე სამხედრო იღუპებოდა. ამის შესახებ უკრაინულ BBC-ს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. მისი მონაცემებით, ახლა ფრონტზე დღეში 30-50 სამხედრო იღუპება. პენტაგონის შეფასებით, უკრაინაში რუსეთმა 80 ათასამდე სამხედრო დაკარგა „თუმცა ახლა ამ საკითხზე ჩემგან საუბარი არაკორექტულია. რეალურ ციფრებს გვაწვდის გენერალური შტაბი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. მისი თქმით, ივნისში სამხედრო დანაკარგები ომის მეორე ეტაპზე გადასვლამ განაპირობა, „როდესაც მტერმა, უკრაინის პოზიციებზე საარტილერიო დარტყმები გააძლიერა“. პოდოლიაკის თქმით, უკრაინის სამხედრო დანაკარგების შემცირება ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების (HIRMAS) ეფექტურმა მუშაობამაც განაპირობა. „ამასთან მიმდინარეობს რუსეთის არმიის დისლოკაციის ცვლილება მთელ ფრონტის ხაზზე. და მესამე, ჩვენები უკვე მოერგნენ რუსული არმიის ტაქტიკას და თავს უფრო მობილურად და ეფექტურად იცავენ“, - განმარტა პოდოლიაკმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.