თეგი: სამხედრო უნივერსიტეტი

უკრაინის სამხედრო უნივერსიტეტებში კადეტებს ამერიკელი სპეციალისტები ასწავლიან

უკრაინის სამხედრო უმაღლეს სასწავლებელში კადეტებს ამერიკელი სპეციალისტები ასწავლიან. შეთანხმება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნატალია კალმიკოვამ და ამერიკული კომპანია Sonata-ს წარმომადგენლებმა შეხვედრისას განიხილეს. „უკრაინის არმია ცვლილებებს ელოდება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ მომავალი და ამჟამინდელი სერჟანტები და ოფიცრები ამერიკული სტანდარტების შესაბამისად. ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია სამხედრო კულტურის შეცვლა. უკრაინის არმიის მომავალი ხომ მასზეა დამოკიდებული. ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ამერიკელი მეგობრების ურთიერთობის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ფართომასშტაბიანი წვრთნები უკრაინაში ამერიკელი სპეციალისტების დახმარებით საშუალებას მისცემს უკრაინის არმიაში მრავალი აქტუალური პრობლემის გადაჭრას," - განაცხადა კალმიკოვამ. კომპანია Sonata უკრაინას დასავლურ სამხედრო ექსპერტიზას, კონსულტაციას და მატერიალურ დახმარებას უწევს. ეს პროცესი მიმდინარეობს უკრაინის თავისუფლების ფონდთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან კოორდინაციით. ასევე, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი უკრაინული სასწავლო ცენტრი განახორციელებს შეფასების ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება აშშ-ს არმიაში. ტესტის მიზანი იქნება პოტენციური ლიდერების გამოვლენა, რომლებიც მოგვიანებით სერჟანტები გახდებიან.