თეგი: სამხედრო ჰოსპიტალი
გორის სამხედრო ჰოსპიტალი: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა
გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გავრცელებული განცხადებით, ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა. „საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა. მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 საათზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეომასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72-საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპექტორის წერილი კი, როგორც აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა", - აღნიშნულია განცხადებაში. საკითხზე კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა. „როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, ჰოსპიტალის დირექტორს ჰყოლია ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურში მრჩეველი პირი - სუს-ის მეოთხე სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ღონიაშვილი, რომელიც არის დაკითხული და ადასტურებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება მასალების წაშლასთან დაკავშირებით. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პირს და მომხდარ არაერთ ინციდენტს ეხება საკითხი, როგორ მოხდა, რომ სუს-ის ყოფილ ან მოქმედ თანამშრომელს მიუწვდებოდა ხელი ამ მასალებზე და მის მიერ მოხდა მათი გასუფთავება. იმედი გვაქვს, რომ ეს კადრები შენახული იქნება პენიტენციური სამსახურის მიერ, რომელიც გამოთხოვილია სასამართლო გადაწყვეტილებით და ველოდებით მის მიღებას საქმის მასალებში. ჩვენ ვსაუბრობთ ორ ინციდენტზე - ერთი ეს არის მაჯის საათის შეხსნის ინციდენტი, როდესაც ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი; მეორე ინციდენტი იყო 27 რიცხვში გადაყვანასთან დაკავშირებით ძალის გამოყენების საკითხი", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ მედიასთან.