თეგი: სანნა მარინი
შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სანნა მარინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დეტალურად ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია. შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა 2008 წელს - საქართველოში და 2014 წელს - უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებაა. პრემიერ-მინისტრმა სანნა მარინმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ევროპულ საქმეთა საკითხებში ფინეთის რესპუბლიკის მინისტრმა, ტიტი ტუპურაინენმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.
სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ
ფინეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესიის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალი და უპრობლემო მოგზაურობა ევროპაში არ უნდა გაგრძელდეს. მარინი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს. ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს „არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, მისი მოქალაქეები ახერხებენ ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას, ტურისტებად ყოფნას. ეს არასწორია", - თქვა მარინმა. მისივე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება ევროპული საბჭოს დღის წესრიგში უნდა იყოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.