თეგი: სანქციების ოფისი

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა. ევროკავშირის სანქციების ოფისი ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ფარგლებში იმუშავებს და იგი ფინანსური მომსახურების, დანაზოგებისა და ინვესტიციების საკითხებში ევროკომისრის, მარია ლუიშ ალბუკერკეს ზედამხედველობის ქვეშ იქნება. განცხადების თანახმად, აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ევროკავშირის სანქციების კოორდინაციას წევრ სახელმწიფოებთან და მესამე ქვეყნებთან. „დღეს კომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რომლის მიზანი სანქციების სრულ ციკლთან დაკავშირებით კომისიის გამოცდილების გაერთიანებაა, პოლიტიკის შემუშავებიდან დაწყებული, მისი იმპლემენტაციით, აღსრულებითა და სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული, მათ შორის, მესამე ქვეყნებთან კომუნიკაციისა და ჩართულობის ჩათვლით,“ - ნათქვამია განცხადებაში. ოფისი იმოქმედებს, „ყველა რეჟიმის, კერძოდ, რუსეთისა და ბელორუსის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის, ასევე, ჰიბრიდული და ორგანიზებული დანაშაულის მიმართ,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე, ევროკომისიამ სანქციების აღსრულების საკითხში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე შვედი დიპლომატი ლარს დანიელსონი დანიშნა. დანიელსონი თანამდებობას 2027 წლის 6 თებერვალს დაიკავებს და სანქციების საკითხში ევროკავშირის მოქმედ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს შეცვლის.