თეგი: საპარლამენტო უმრავლესობა
გიორგი ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდის გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი. მისივე თქმით, „სამუშაო შეხვედრაზე ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით იყო საუბარი“. „გუშინდელ შეხვედრაზე ნებისმიერ მიმდინარე თემებზე გვქონდა საუბარი. პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, სოციალური საკითხები - მთის კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო, მე არაფერს არ ვადასტურებ სანამ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ. მან დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითვასაც უპასუხა. როგორც ცნობილია, სერგეენკო გუშინდელ შეხვედრას არ ესწრებოდა. „დარწმუნებული ვარ, რომ დავით სერგეენკო პარტიას არ დატოვებს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დავით სერგეენკო, რომელიც ამ პარტიის მშენებლობაში მონაწილეობდა, არანაირ პოლიტიკურ გამიჯვნას არ გააკეთებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის პარლამენტთან მიმართებით, იქნება თუ არ იქნება, წავა თუ არ წავა, ეს მასზეა დამოკიდებული. მე ვერ ვხედავ ამაში ისეთ თემას, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნის დასაზიანებლად გამოყენებული იყოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 18 მარტს საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს. პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს შეეხო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.