თეგი: საპატიო თბილისელები
თბილისის 20 საპატიო მოქალაქე დაჯილდოვდა და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადაეცა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ახალი სტატუსი 20-მა საპატიო თბილისელმა მიიღო. „მივესალმები თბილისს - ჩვენს მუდამ თანამედროვე, მოდერნისტულ, ახალგაზრდულ და რაც მთავარია, უძველეს დედაქალაქს, რომელიც უკვე 16 საუკუნეა ქმნის თბილისური ცხოვრების, სიყვარულის, ტოლერანტობის, მეგობრობის, კულტურის საოცარ ისტორიებს. მივესალმები ჩვენს თანაქალაქელებს. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ თანამოქალაქეებს. ჩემო თბილისელებო, თქვენ ხართ თბილისის დღევანდელობა, მისი სახე და ანარეკლი. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქალაქის განვითარება და წინსვლა. მე, როგორც დედაქალაქის მერი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და განვითარებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი; თენგიზ არჩვაძე - მსახიობი; ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი; ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი; მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი; მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე; ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ; ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი; ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი; გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი; ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი; ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი; რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი; ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი; მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი; ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი, ჟურნალისტი; ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი; ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი; ელდარ შენგელაია - რეჟისორი; დემნა გვასალია - დიზაინერი; „პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.