თეგი: საქართველოს მოქალაქე
მედია: ბელორუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინაში საომრად აპირებდა წასვლას
ბელორუსის სამთავრობო არხის „ბელარუს 1-ის" ცნობით, ქვეყნის სპეცსამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც უკრაინაში საომრად აპირებდა წასვლას. ტელეარხის სიუჟეტის თანახმად, 36 წლის ზირაქაშვილი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მაგრამ საქართველოში ჩასვლის შემდეგ საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო ევროკავშირში შესვლა აეკრძალა. ბელორუსის სამთავრობო არხის სიუჟეტის თანახმად, საქართველოში მყოფმა ზირაქაშვილმა „ქართული ლეგიონის“ რიგებში შესვლა და უკრაინის მხარეს ბრძოლა გადაწყვიტა. „რადიო თავისუფლების“ ბელორუსის სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ძალოვნებმა ბელარუსში დააკავეს. ბელორუსის სახელმწიფო ტელეარხის სიუჟეტის ავტორმა მინსკში მდებარე უკრაინის საელჩო ომში მონაწილეობისთვის ადამიანების გადაბირებაში დაადანაშაულა. სიუჟეტის თანახმად, ბელორუსში უკრაინის საელჩო მოხალისეებს ბელორუსის, მოლდოვისა და პოლონეთის გავლით უკრაინაში გამგზავრებას სთავაზობს. როგორც რუსულენოვანი არხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ წერს, ბელორუსის სახელმწიფო ტელეარხის წამყვანმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ღიად დაადანაშაულა უკრაინის საელჩო და ელჩი იგორ კიზიმი ხალხის გადაბირებაში. რაც შეეხება „ოპერატიულ კადრებს", რომლებიც თითქოსდა ეჭვმიტანილის უკრაინის საელჩოს სავარაუდო თანამშრომლებთან შეხვედრას ასახავს, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მტკიცებით, სინამდვილეში, ესენი ბელორუსი ძალოვნები არიან.