თეგი: საქართველოს მოქალაქეობა

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები ბექა ოდიშარია, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, გივი ჭიჭინაძე არიან. კანონპროექტით განმარტებულია, რომ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით მიმართვის დროებითი უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდებათ. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით კი, 2018 წელს ისარგებლა 3120-მა, ხოლო 2019 წელს 7234-მა მოქალაქემ. მათი განმარტებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1217-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 3186-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.  

აფხაზმა ბლოგერმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.  მისივე თქმით, ის საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. ბუავას ინფორმაციით, იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება „ოკუპირებული ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის. „ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების მცირე პაკეტი“, - ამბობს ბუავა.