თეგი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
პორტუგალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, პორტუგალიელ კოლეგას ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული თანამშრომლობა და გამოთქვეს მზაობა, იმუშაონ საქართველოსა და პორტუგალიას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების და სხადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომლის მიმართაც შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა პორტუგალიის სრული მხარდაჭერა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პროგრესს ამ გზაზე, მათ შორის ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებასა და შესაბამისი თვითშეფასების კითხვარის შევსებას. „აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ქვეყნების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. პორტუგალიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას პორტუგალიასთან ლუზოფონური ქვეყნების გაერთიანების ფარგლებში, ასევე შესაბამისი ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს ჩართულობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეზე, აღინიშნა რომ საიუბილეო თარიღი არის კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, კულტურა და ხალხთაშორისი კონტაქტები. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების ურთიერთგაცვლას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში შეხვედრას დაესწრება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, შეხვედრას დაესწრება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დაესწრება. „შეხვედრის ფარგლებში, მხარეების მიერ განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იქნება; ამასთან, განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე აქცენტი გაკეთდება ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა კოლეგა მინისტრთან“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ორშაბათს მიწვეული ვარ ლუქსემბურგში. შესაძლებლობა მექნება საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფორმატში [მივიღო მონაწილეობა], სადაც წარმოდგენილია ვიცე-პრეზიდენტი ბორელი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ საბჭოს და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის 27 საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს ნამდვილად არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გავუზიაროთ ის კონკრეტული შედეგები, რომელიც საქართველომ 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით გადადგა, ის კონკრეტული გეგმები, რაც გვაქვს იმისთვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ მუშაობა ამ რეკომენდაციებზე. სწორედ ამაზე ვისაუბრებ ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ლუქსემბურგში იქნებიან “, - განაცხადა დარჩიაშვილმა.