თეგი: სახედრო წვრთნები

რუსულმა ჯარმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა ჩაატარა

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში წვრთნა ჩაატარეს. მისივე ცნობით, წვრთნების დროს სამხედრო ობიექტებზე პირობითი მოწინააღმდეგის ტერორისტული თავდასხმის მოგერიება დაამუშავეს. „აფხაზეთში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზაზე ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფების სამხედრო წვრთნები ჩატარდა. საბრძოლო მდგომარეობასთან მიახლოებულ ვითარებაში იმიტაციის მრავალი საშუალება და ფუჭი საბრძოლო მასალა გამოიყენეს,“ - ნათქვამია განცხადებაში. წვრთნების დროს სასწავლო ბრძოლაც გაიმართა. ცნობისთვის, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.